ქართული საბრძოლო ხელოვნება

სახეობები

ქართული საბრძოლო ხელოვნება.

საქმიანობის პერიოდში მოძიებული და აღდგენილია რამოდენიმე ათეული როგორც იარაღით, ასევე უიარაღოდ ბრძოლის  სახეობა.

მოკლედ წარმოგიდგენთ რამოდენიმეს აღწერას:                                                                                                                                                                                  უიარაღოდ ბრძოლის სახეობები მოიცავს როგორც დარტყმით ტექნიკას, ასევე ჩავლებით ჭიდაობისა თუ მახრჩობელა, ტეხვით ტექნიკას. დღეისათვის საქართველოში მოძიებულია ორ ათეულამდე მხოლოდ ჭიდაობის ნაირსახეობები. ესენია, როგორც საერთო – ქართული ანუ საქართველოს ყველა ან თითქმის ყველა რეგიონში გავრცელებული, ასევე ცალკეული კუთხური სახეობები, რომლებიც ამა თუ იმ კუთხეში იყო გავრცელებული და ამ კუთხის მცხოვრებთა მენტალიტეტზე, ტანისამოსზე, გარემო პირობებზე და ცხვრების წესზე იყო. მოძიებულ სისტემათა ნაწილი კარგად არის შემორჩენილი და დალაგებული და მათში მრავალი საინტერესო და უნიკალური ილეთია, ხოლო ზოგიერთი სახეობა ცუდადაა შემორჩენილი მხოლოდ რამოდენიმე ილეთით და მასზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა არსებობს.

 

ქართული საბრძოლო ხელოვნება 

უიარაღოდ 

ჭიდაობის სახეობებია:

ქართლ-კახური (იგივე ქართული ჭიდაობა) ჭიდაობა – რომელიც 40 იან 50 იან წლებში გახდა საფუძველი ქართული ჭიდაობისა. ჭიდაობის მესვეურებმა თავდაპირველად ქართლ-კახური ჭიდაობა აიღეს საფუძვლად და იგი შეავსეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ჭიდაობის ილეთებით (რმლებიც მსგავსნი იყვნენ ამ ჭიდაობის და ამ წესებში ჯდებოდნენ) და შექმნეს ქართული ჭიდაობა. ქართულ სახეობათა შორის დღეისათვის ყველაზე დახვეწილი და პოპულარული სახეობა.

ცალხელა ჭიდაობა – რომელიც სუფთა საბრძოლო ხასიათისაა და განკუთვნილია იმისათვის, რომ ერთ კიდურში დაჭრილმა მეომარმაც კი არ დაკარგოს ბრძოლისუნარიანობა და გააგრძელოს ბრძოლა.

მკერდაობა – არის ჭიდაობა ხელების გამოუყენებლად. იდეალური ცოდნა იყო დატყვევებული მეომრისათვის.

მოშ და მოშ – ხევსურული ჭიდაობა, რომლელიც უმეტესად მახრჩობელ და მტკივნებულ (ბალევოი)  ილეთებს შეიცავს.

მუქასრისა – ასევე ხევსურული სახეობა, მუქასარი – შარვლის ტოტს ქვია. ილეთები უმეტესად ფეხში ჩვლებით სრულდება.

იღლიღორა – მთიულური სახეობაა. იგი სპეციფიკური სახეობაა და მკერდში ჯვარედინი ჩავლებით სრულდება, შეიცავს ბევრ მტკივნეულ ილეთს.

ღოჯური ჭიდაობა – რაჭაში გავრცელებული სახეობა იყო. ამჟამად ღოჯურის მრავალი ილეთი ქართულ ჭიდაობაშია შესული.

ლიბრგიელ – სვანური ჭიდაობაა. ჭიდაობის სპეციფიკური სახეა, იწყება მოწინააღმდეგეების მიერ ხელების ქამარში ჩავლებით და ილეთებიც ასევე სრულდება, უფრო ძალისმიერი სახეობაა. მასზე ინფრომაცია 70 იან წლებში დაბეჭდილ პროფესორ ვასილ ელაშვილის ბროშურაშიც არის.

ღორული ჭიდაობა – მოძიებულია უფრო მესხეთში, თუმცა საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრჩელებული უნდა ყოფილიყო. ღორული ჭიდაობა პარტერში მიმდინარეობს.

რკინება – სამეგრელოში გაცრცელებული სახეობა იყო. იგი ძლიერ მსგავსია ქართლ-კახური ჭიდაობის. აქვე აღსანიშნავია, რომ ტერმინი ჭიდაობა დღეს სახეშეცვლილია. წინათ ჭიდაობას ეზახდნენ ადამიანისა და ცხოველის ჭიდაობას, ხოლო ადამიანის ადამიანთან დაჭიდებას კი რკენას ეძახდნენ (სულხან საბას ლექსიკონი). ეს ძველი ტერმინი მეგრულმა სახეობამ შემოინახა.

ჭედობა – გურული სახეობაა ჭიდაობის.

მატეკრობა – აჭარაში გავრცელებული სახეობაა, გავს გურულ ჭედობას.

მაჯურა ჭიდაობა – ერთ ერთი უძველესი სახეობაა, ჭიდაობა იწება და მიმდინარეობს ხელებჩაჭიდებული. გამოიყენებოდა მებრძოლების მომზადებისათვის.

და სხვა სახეობანი.

უიარაღოდ ბრძოლის სახეობებში ჭიდაობების გარდა საქართველოში, ასევე ძლიერ დახვეწილი და მრავალფეროვანი დარტყმითი ტექნიკის მატარებელი სახეობებიცაა, ანუ კრივობანი. კრივობა ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღესასწაულების დროს (ბერიკაობა -ყეენობა) მასობრივი ორთაბრძოლები იმართებოდა, სადაც ასობით და ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მოპოვებულია, ასევე კრივის რამოდენიმე სახეობა:

არეული კრივი – შეიცავს როგორც დარტყმით ილეთებს ხელით და ფეხით, ასევე ჭიდაობის იმ ილეთებს, რომლებიც მოწინააღმდეგის სწრაფად მოშორების საშუალებას იძლევა.

ქალაქური კრივი – ყარაჩოღელებში გავრცელებული კრივი, ხშირად გამოიყენება თავური დარტყმები და იდაყვები.  (კრიობა) . დიდი ხნის შესვენებსი შემდგომ ცოტა შეცვლილი წესებით საქართველოში ჩატარდა ტურნირი ქალაურ კრივში.

ხრიდოლი კრივი – ტერმინი რომელიც მოგვიანებით მთლიანად მთელი ქართული საბრძოლო ხელოვნების კრებით სახელად აირჩიეს. ი. გრიშაშვილის გადმოცემით ეს ნიშნავდა ცალი ხელით კრივს. იხილეთ.

ლივიშდიელ – სვანეთში გავრცელებული კრივი, უმეტესად ფეხის დარტყმითი ტექნიკაა.

რაჭული წიხლაობა – როგორც სვანური აქაც ფეხის დარტყმებია წამყვანი.

ლიჯგუბილ – ასევე სვანური სახეობა, ხელების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა.

სალდასტი კრივი – ამ სახეობაში კიდურების გადა გამოიყენება ხის ჯოხები და ქვებიც კი.

თუშური მუშტაობა და სხვა ქვესახეობები.

შედარებით სუსტადაა შემორჩენილი იარაღით ბრძოლის სახეობანი, რადგან იგივე არეული კრივისაგან განსხვავებით ის ნაკლებად აქტუალურია.

 

ქართული საბრძოლო ხელოვნება

იარაღით ხელში

ჩვენი წინაპრები გამუდმებული შიშიანობის და ომების გამო, ყოველ ნივთს, რაც კი შესაძლებელი იყო ხმარობდნენ საბრძოლო დანიშნლებით. ანუ არა მარტო სუფთა საბრძოლო ხმალსა და ხანჯალს, არამედ სამეურნეო ნივთებსაც კი,  როგორიცაა ნაჯახი, ცელი, კომბალი და სხვა. საქართველოში უამრავი იარაღის სახეობაა აღმოჩენილი და თითქმის არ არის მსოფლიოში იარაღის სახეობა, რომელიც საქართველოში არ ყოფილიყო გავრცელებული. ყოველ მათგანს გამოყენების სპეციფიკა და შესაბამისად განსხვავებული ილეთები ქონდა.

ხის იარაღი. ხის იარაღი ადამიანთა მოდგმაში ბრძოლისა და შრომის ერთ-ერთი უპირველესი იარაღია, თუმცა გვიანდელ პერიოდშიც არ დაუკარგავს მას თავისი მნიშვნელობა, ხის იარაღი განსაკუთრებული პოპულარობით მოსახლეობის ღარიბ ფენაში სარგებლობდა. ბრძოლისას ხშირად გამოიყენებოდა, როგორც სამურნეო იარაღი, ასევე საგანგებოდ საბრძოლო დანიშნულების ხის იარაღი. საქართველოში მრავალი სხვადასხვა სახის ხის იარაღი იყო და შესაბამისად, ყოველ მათგანს გამოყენების თავისი სპეციფიკა გააჩნდა.

ტოკვეცით ბრძოლა – ტოკვეცი მომცრო ზომის ოდნავ გადრეკილი და თავკომბალა ხის ხელკეტია. იგი ქალაქებში ხშირად გამართული სალდასტი კრივის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო. ამ ბრძოლაში უშუალოდ ტოკვეცების დარტყმების გარდა გამოიყენებოდა კრივის და ჭიდაობის ილეთები.

კომბალი – ძირითადად მესაქონლეების იარაღი იყო. იგი საკმაოდ ეფექტური იარაღია შორ დისტანციაზე საბრძოლველად და კომბლით შეიარაღებული მეხცხვარე ფარხმალიან მოწინააღდეგის პირისპირაც კი არ გრძნობს თავს დაჩაგრულად.

აზარმაცი – საკმაოდ მსხვილი თითქმის კაცის სიმაღლე კეტია. აზარმაცის სწრაფი ქნევა მისი დიდი მასის გამო შეუძლებელია, თუმცა მოხვედრის შემთხვევაში ძლიერ ტრავულია.

მუჯრა (მიჯვრა) – გამოიყენება, როგორც საბრძოლოდ, ასევე მთაში სასიარულოდ. საკმაოდ გრძელი ჯოხი, რომლის ერთი ბოლოც რკინით ნაჭედი კვადრატული ფორმის წვეტით ბოლოვდება.  სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხის იარაღი  გავრცელებული იყო და ყოველ მათგანს გამოყენების სპეციფიკა და თავისი ილეთები ქონდა.

საქართველოში ისტორიულად ზემოთ ჩამოთვლილის გარდა კიდევ უამრავი სახეობის ხის იარაღი იყო გავრცელებული.

ფოლადის იარაღით ბრძოლა, აქ პირველ რიგში ხმალ-ხანჯალი  იგულისხლმება.

ხევსურული ფარიკაობა – ალბათ, დღემდე შემორჩენილ იარაღით ბრძოლის სახეობებს შორის საუკეთეოდ შემონახულია. ამას ჩვენ ხევსურების კარჩაკეტილ ცხოვრებას და მათი ბუნებით ტრადიციების ერთგულებას უნდა ვუმადლოდეთ. ჯერ კიდევ 20 საუკუნის შუა ხანებში, ეს სახეობა ხევსურეთში ფართოდ გავრცელებული იყო და დღესაც კი ცოცხლად არს შემონახული, თუმცა  დღეს ამ სახეობის ისეთი ოსტატები არ არსებობენ, როგორც ისტორიულად. ხევსურულ ფარიკაობის შესწავლაში და შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანა ვასილ ელაშვილმა რომელმაც 1956-ში გამოსცა საკმაოდ საინტერესო წიგნი.  თუმცა, ამ სახეობის სრულყოფილად შესწავლისათვის ეს წიგნი საკმარისი არ არის ამიტომ 80-90-იან წლებში მოწყობილი ექსპედიციებისას მიღებული მასალით შეივსო.  ამ ეტაპზე ხევსურული ფარიკაობა წარმოადგენს სრულყოფილ სახეობას თავისი ილეთების კლასიფიკაციითა და სიმრავლით.  აღსანიშნავია, ისიც რომ მსოფლიოში გამორჩეული ტექნიკაა და ამ მხრივ წარმოადგენს უნიკალურ სახეობას. ეს სახეობა იდეალურადაა მორგებული ხევსურეთში არსებულ ბუნებრივ და ცხოვრებისეულ პირობებზე.

თუშური ხმალაობა – მისი განმასხვავებელი ისაა, რომ ბრძოლა მიმდინარეობს ორი ხმლით ფარის ფარეშე, ხოლო ხმლები კი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასიმეტიული ტრაექტორიით მოძრაობს. მის შესახებ დღეს საკმაოდ მცირე ინფორმაცია არსებობს. აღსანიშნავია, ისიც რომ მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი წესის ბრძოლის განსაკუთრებული სირთულის გამო, ეს წარმოადგენდა არა საბრძოლო სახეობას, არამედ საწვრთნელ ან გამახურებელ ვარჯიშს.

მეგრული მორქია – ეს ცხენიდან ჩეხვის ტექნიკაა, შემორჩენილია, როგორც ილეთები ასევე საწვრთნელი ვარჯიშებიც. უცოდინარობისას ცხენი რომ არ დაზიანდეს სწავლა იწყება ძირს დგომში, შემდგომში ხის მორზე შემჯდარი, ხოლო ბოლო ეტაპზე კი ცხენზე შემჯდარი ადამიანისა.

ბუნებრივია რომ საქართველოში ხმალაობის სხვა სკოლებიც იყო, თუმცა ამ ეტაპზე მათ შესახებ მეტ ნაკლებად სრული ინფორმაცია არ მოიპოვება.

ხანჯლის ხმარება – ეს უძველესი იარაღი საქართველოში ყოველთვის პოპულარული  და მრავალფეროვანი  იყო. არსებობდა არა მხოლოდ ხანჯლაობის კუთხური სახეობები,  არამედ ცალკეულ გვარებსაც კი ხანჯლაობის თავიანთი ილეთები გააჩნდათ. თუმცა, დღეისათვის ეს ცოდნა ძიღითადად დაკარგულია. ამის მიუხედავად,  მკვლევარებმა საქართველოში ხანჯლაობის ათამდე სახეობას მიაგნეს. იხილეთ აქ.

სვანური ხანჯლაობა – შედარებით უკეთ შემონახული სახეობაა. მისთვის დამახასიათებელია ის, რომ ბრძოლა იწყება ზურგს უკან დამალული სატევრებით და მოწინააღმდეგემ არ იცის რომელი ხელიდან (მხრიდან) წამოვა შეტევა, პირავლით იქნება თუ პირდავლით. ასევე, ხშირად გამოიყენებოდა როგორც დაცვის იარაღი, სვანური ქუდი და ჭიდაობის ილეთები.

ხითკირია – ესაა თვალახვეული ხანჯლაობა, უმეტესად სამეგრელოშია მოპოვებული, თუმცა მსგავსი სახეობა ხევსურეთშიც იყო გავრცელებული მებრძოლის მოსამზადებლად, როგორც ფიზიკური  ასევე მორალური წვრთნისათვის. სამგრელოშივე შემორჩენილია ასეთი წესით მებრძოლის მოსამზადებელი ვარჯიშები.

არის ხანჯლაობის სხვადასხვა სკოლებიც, მაგალითად გურია აჭარაში ორი სატევრით ბრძოლის ტექნიკა, ცალი ხანჯლით ბრძოლის ილეთები  შემორჩა ფშავსა და მთიულეთში.   ხანჯლაობისას სახვადასხვა კუთხეში გამოიყენებოდა ასევე ქუდთან ერთად.  საერთო ჯამში კახა ზარნაძემ მიაკვლია ხანჯლაობის 140 მდე ილეთს.

აქვე აღნიშვნის ღირსია- დანები. დანა საქართველოში ძველთაგანვე იყო ცნობილი. დანასაც ასევე საბრძოლო დანიშნულება ენიჭებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში მოხუცებული მამაკაცი თავის ვაჟს გადასცემდა ხმალ ხანჯალს, ამის შემდგომ კი მისი ძირითადი იარაღი ხშირად დანა ხდებოდა. თუშეთში კი დანა ქალის აღკაზმულობაშიც აუცილებელი ელემენტი იყო. დანას ხშირად მსტოვრები სასროლადაც იყენებდნენ. კახა ზარნაძემ და მისმა თანამოაზრეებმა დანის სროლის რამოდენიმე მეთოდს მიაკვლიეს. დანით ბრძოლა ძირითადად შემჭიდროებიულ გარემოში გამოიყენებოდა, როდესაც დიდი იარაღის ხამრება გამორიცხული იყო, ასევე ცხენზე შეხტომით მხედარზე შეტევისას და კოტრიალისას, საგანგებოს ისწავლებოდა დანისაგან თავდასაცავი ხერხები.

კოლხური ცულებით ბრძოლა– სამეგრელოშია მოპოვებული, გამოიყენება როგორც თითო ცულით ბრძოლა, ასევე ორი ცულით ბრძოლაც. თავისი ფორმით კოლხური ცული ძალიან მოსახერხებელი იარაღია ახლო ბრძოლისათვის.

სათითეებით ბრძოლა– ასევე ხევსურეთმა შემოგვინახა. თუმცა არის მონაცემები მსგავსი იარაღის საქართველოს სხვა კუთხეებშიც ფართოდ გავრცელების შესახებ. დღეისათვის მოძიებულია ორ ათეულამდე სათითე. ისინი რამოდენიმე ჯგუფადაა დაყოფილი და თითუეულისათვის მისთვის დამახასიათებელი სპეციალური ილეთები გამოიყენება.  სათითეებით ბრძოლაში ფართოდ გამოიყენება ხელჩართული ბრძოლის ილეთები.

შუბით ბრძოლა – წინათ საქართველოში ფართოდ გავრცელებული ტექნიკა იყო და ომის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი იარაღი. მასზე მრავალი ისტორიული წყარო მიუთითებს თუმცა დღეისათვის შუბით ბრძოლის ქართული ილეთები და მოსამზადებელი ვარჯიშები ცვენთვის უცნობია.

მშვილდ – ისარი – საქართველოში ფართოდ გავრცელებული იარაღი იყო, თუმცა ცეცხლსსროლი იარაღის განვითარებამ გადაშენების გზას დააყენა ეს უძველესი იარაღი. ბოლო პერიოდში, მას ძირითადად საბავშვო გასართობი დანიშნულება შემორჩა. მშვილდოსნობას ვასილ ელაშვილმა სპეციალური მონოგრაფია მიუძღვნა. ამის გარდა, ეთნოგრაფიული მასალით გამოიკვეთა, როგორც მშვილ ისრის დამზადების, ასევე სროლის ხალხური წესები. საინტერესო მასალა აქვს გამოქვეყნებული მშვილდოსნობაზე ვ. ელაშვილს ორმოცდაათიან წლებში. წიგნი შეგილიათ იხილოთ ამ გვერდზე.

ამათ გარდა იყო სხვა იარაღებიც, როგორიცაა – შურდული, ხრიკოლი, კვერთხი და სხვა. ამათ გარდა, კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნება წარმოადგენს ხოლმე საჩვენებელ გამოსვლებში ისეთი იარაღს, როგორიცაა ტაბარძენი, საზეპელი იარაღი იგივე მათრახი, რომელიც წარმართობის პერიოდიდან იღებს სათავეს და თავიდან სარიტუალო დანიშნულება ქონდა.

 

ჩვენი პარტნიორია