ცეკვა/როკვა

როკვა

საბრძოლო ხელოვნების თვალსაზრისით როკვა ცეკვისგან უნდა გაიმიჯნოს: თუ ცეკვაში სახიობის ელემენტები სჭარბობს, როკვა უფრო რაიმე რიტმის ან ჰანგის თანხლებით შესრულებული სეფურია, გამიზნული ამა თუ იმ მოძრაობის დასახვეწად, საგანგებო რიტმული მოძრაობისა და შესაბამისი სუნთქვის დასაუფლებლად.
უხსოვარ წარსულში როკვის მეშვეობით ხდებოდა რომელიმე ღვთაების ხატებაში გარდასახვა. მსგავსი რამ ცნობილი იყო ანტიკურ საბერძნეთსა და რომში და სრულდებოდა როგორც იარაღით, ასევე უიარაღოდ.
ჩვენში დღემდეა შემორჩენილი ჭიდაობის დაწყებამდე მორკინეთა როკვის ოდინდელი ჩვეულება.

 

ცეკვა 

ალბათ დიდ მტკიცებას არ საჭიროებს, რომ ქართულ ცეკვათა უმეტესობა საბრძოლო რიტუალი და ამავდროულად სეფურია, რაც მათ დასახელებებშიაც არის არეკლილი. ისინი, გარდა ფიზიკური და სულიერი წრთობის უნარისა, დაყურსულია საბრძოლო ქმედების ისეთი ელემენტებით, როგორიცაა – ფეხმონაცვლება, ბრუნი, გასვლა, მიხტომა, დაღალატება, ცრუმოძრაობა, არინი, საფრთხოლი და სხვანი. სამსართულიანი საბრძოლო ხასიათის სვანური ფერხული მორმინკელა შემსრულებელთაგან საკმაო ტანვარჯიშულ სიყოჩაღესაც მოითხოვს ხოლო “განდაგანაში” სამღერ ამ სტროფს ალბათ განმარტებაც არ სჭირდება:
“დამესიენ ჯიბგირები, გამახსენდა ბაბუს დანა,
გავკარი და გამოვკარი, დავუარე განდაგანა”.
ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ცეკვა “ხორუმი”, რომლის სიმდიდრე-დახვეწილობაზე მეტყველებს მის ძირითად მოძრაობათა ფერადოვანი კრებული, რომელთაგანაც იკინძება ამ საოცარი ცეკვის ერთი მთლიანი სახე:
1. “შესასვლელი”
2. “სასვენო”
3. “ჭდომსასვენო”
4. “ფარულა”, “მალულა”
5. “ჩოქმალულა”
6. `საფრთხილო~
7. `ჩოქით მუხლმოქნევით~
8. `გასმურა დაბალი~
9. `ხტომგასმურა~
10. `გასმურა ტერფმოქნევით~
11. `ბუქნურა~
12. `ბუქბრუნი~
13. `ხლართულა~
14. `წაწოლ-გასმურა~
15. `ქობულეთური ჩაკრული~
16. `წიხლურა~
17. `ჩაწოლა~
18. `ხლართულა ჭდომხტომი~
19. `ბრუნი~
20. `გარბენი~
21. `საზვერავი~
22. `შვილდსაკრავი~
23. `საჩურჩულო~
24. `სახოხავი~
25. “საკაფავი”
26. “საიერიშო”

ცეკვა უძველესი დროიდან იყო გაბატონებული ჩვენს ვარჯიშობათა შორის და ამას მარტივი ახსნაც მოეძევება. გამუდმებით ომის მაწარმოებელ ხალხს შესაბამისად გამუდმებით ვარჯიში უწევდა ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებისა და უნარ-ჩვევების დასახვეწად. ბუნებრივია, რომ მან ამ გამაბეზრებელ საქმიანობას შედარებით გასართობ-სახალისო ფორმა მოუძებნა, უფრო მეტიც, ვარჯიშთა ერთი ნაწილი სარწმუნოებასაც დაუკავშირა და სარიტუალო ხასიათი შესძინა. ამის მკაფიო მაგალითია დღეს ცეკვის ერთ-ერთ სინონიმად ქცეული სიტყვა – შუშპარი (შუშ – მთვარე, პარი – ფერხული).
“მელია-ტელეფია” ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი რიტუალია და რამდენიმე ათასწლეულს მოითვლის. მას ენათესავება `იალის თამაში~, ჯავახური ვარიანტი `თულო~ და მესხური `თულო-წრე~. ეს ფერხულები ხშირად ხელჩართულ შეტაკებაში გადადიოდა. აჭარული `ოჰოი ნანოს~ ერთ-ერთ დადგმაშიაც ყოფილა ამ რიტუალის გამოძახილი ჯოხით შეიარაღებული `განმკარგულებლის~ სახით.
სულხან-საბას მიერ ფერხული განმარტებულია, როგორც `მრგვალად წყობა~.
ახლა ვცადოთ გავერკვეთ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს სართულებიანი ფერხული `ქორბეღელა~.
როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს: `უძველესი დასახლებანი უმეტესად გორებზე მდებარეობდა, თავდაპირველად საცხოვრებელი და თავდასაცავი ერთი იყო, ადამიანი ცხოვრობდა სახლად, ციხედ, ჯიხად). შემდეგ ვითარება შეიცვალა, ის გარემოება, რომ ადამიანთა საზოგადოების ერთობლიობის აღსანიშნავად სოციალური ტერმინი გორი (-ქორი) და სახლი (-ციხე) გვაქვს, იმას მოწმობს, რომ ეს ერთობლიობა იმ პირობებში შემუშავდა, როცა ადამიანი გორაზე ბინადრობდა, მის მიერვე შექმნილ შენობაში. სულერთია ეს შენობა მოღობილი (ჩიხი) იქნებოდა, თუ მთლიანი ხეებისაგან შექმნილი (ჯიხა, ციხე, ჯიხური). ასეთი სოციალური გაერთიანება უეჭველია გორაზე (ქორად, სახლად) დაბინავების შემდეგ მოხდა. ამის შედეგია და ამას მოწმობს, რომ ქორი (გორი) შენობასაც ნიშნავს და სოციალურ ერთეულს, გვარს~.
ჯ. რუხაძის მიერ სამტრედიის რაიონის სოფ. ჭაგანში დამოწმებულია ტერმინი მეგორავე, რომელიც მეზობელს, ანუ მეზობელ გორაზე მცხოვრებს აღნიშნავს.
აქედან ჩანს, რომ ქორა მაღალს, ზემოთას თუ მისთანას აღნიშნავს. ამასვე ადასტურებს სიტყვა ქორედი (ზედა სართული).
ვ. ბარდაველიძის მიერ აღწერილი ჩვევა – გახვრეტილი ქვების, ანუ წრეების დაყრა სავარგულში ქალური საწყისით ზეცის (მამრის) მიწისკენ გასანაყოფიერებლად მოპატიჟებას (ჩამოტყუებას) თუ ნიშნავს, ალბათ იმავეს უნდა ნიშნავდეს თულო-წრე, ქორბეღელა თუ ნებისმიერი წრიული ცეკვა.
სართულებიანი ფერხული `ქორბეღელა~ კი, ამავე დროს, მაღლა სწრაფვასაც უნდა გამოხატავდეს, რათა ცას ეს წრე უკეთ დაანახოს.
ცნობილ მკვლევარს მიხეილ გორგაძეს, ნაშრომში `ნარკვევები საქართველოს ფიზიკური კულტურის ისტორიიდან~, განვითარებული აქვს შემდეგი მოსაზრება: – `არჩილი ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ ცეკვებს არ ჰქონდა სამხედრო-გამოყენებითი მნიშვნელობა და ამ თვალსაზრისით ვერ მოუტანდა ფეოდალებს რაიმე პრაქტიკულ სარგებლობას. ამგვარად, ცეკვები დაბალ წოდებისთვის იყო შემოტოვებულიო~.
ეს შეხედულება არასწორი ჩანს. ქართულ ცეკვათა უმეტესობა სწორედ რომ სამხედრო-გამოყენებითი დანიშნულებისაა, ოღონდ, ცხადია, ქვეითთათვის. ფეოდალები კი მხედრები იყვნენ და არჩილ მეფეც ამას გულისხმობდა.